თეგი: კულტურის სამინისტრო

სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს განცხადებით, ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. 27 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არცერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა. „სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არცერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. რაც შეეხება სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა. კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში (რაც სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარმოსადგენად). რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კულტურის სამინისტრო: ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები არასაკმარისია

საქართველოს კულტურის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს. უწყების განცხადებით: ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესენია: 1. ფერხული (2013 წ.), წარმდგენი -საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი;2. ხორუმი (2013 წ.) წარმდგენი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.) წარმდგენი - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;4. ცეკვა ქართული (2020 წ.) წარმდგენი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქალაქურ მრავალჟამიერს (2013 წ.) და ქართულ გალობას (2021 წ.),ქართულ მრავალხმიანობას მოცემული სტატუსი 2014 წელს მიენიჭა, 2020 წელს კი ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი განესაზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მიერ აღიარებულია, როგორც მსოფლიო ხელთუქმნელი შედევრების ერთ-ერთი ნიმუში, ხოლო 2008 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში არის ნომინირებული). თუმცა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის. სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არამხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი. ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა. კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად“.

კულტურის სამინისტრომ 100 მხატვრის 677 ნამუშევარი შეიძინა, რომლებიც ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდში განთავსდება

კულტურის სამინისტრომ 100 მხატვრის 677 ნამუშევარი შეიძინა, რომლებიც ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდში განთავსდება, - ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის „ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება“ ფარგლებში, 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სამინისტრომ შეიძინა 100 მხატვრის 677 ნამუშევარი. მათ შორის, 153 ფერწერა და 524 გრაფიკა. „პროექტი მიზნად ისახავს მუზეუმების ფონდების შევსებას ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით, ვინაიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსება 1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა გამორჩეულ შემოქმედთა ნამუშევრები, ვისი ნახატებიც აქამდე საერთოდ არ იყო ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი ფონდებში. ეს ნამუშევრები წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს – 1960-1970-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალი კოლექცია, 1980-1990-იანელთა თაობის მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ასევე ნონკონფორმისტი მხატვრების ნამუშევრები, რომელთა შეძენას საფუძვლად დაედო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2021 წლის 5 ნოემბერს ფართო საზოგადოებისთვის პირველად, ჯგუფურად ექსპონირებული ნონკონფორმისტი მხატვრების 53-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, ქანდაკების, კოლაჟური, ასამბლაჟისა და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი. ასევე, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა. 2021 წელს სამინისტრომ შეიძინა შემდეგი მხატვრების ნამუშევრები: დავით ალექსიძე, ბესიკ არბოლიშვილი, ეკა აბულაძე, დიმიტრი ანთაძე, ზურა აფხაზი, მერაბ აბრამიშვილი, იური ბერიშვილი, ზაალ ბაჩანაშვილი, ზაზა ბერძენიშვილი, ვახო ბუღაძე, ალექსანდრე ბერდიშევი, ჰანს ჰეინერ ბური, ზურაბ გიკაშვილი, დავით გაგოშიძე, გოგი გეგეჭკორი, მიშა გოგრიჭიანი, გიორგი (უმცროსი) გუგუშვილი, რუსუდან გაჩეჩილაძე, ეკატერინა გელოვანი, გია გუგუშვილი, ია გიგოშვილი, მალხაზ დათუკიშვილი, ზაურ დეისაძე, გია ეძგვერაძე, თამაზ ვარვარიძე, გივი ვაშაკიძე, ნინო ზაალიშვილი, გელა ზაუტაშვილი, ლალი ზამბახიძე, ილიკო ზაუტაშვილი, თემურ თათანაშვილი, კაკო თოფურია, ვახტანგ თოფურიძე, ირაკლი თოიძე, მანანა თუმანიშვილი, თემურ იაკობაშვილი, მარინა ივანიშვილი, კარლო კაჭარავა, თამარ კარბელაშვილი, სოფიო კინწურაშვილი, დავით კრაწაშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, ლაზარი (ლასარეიშვილი) ლუკა, ლალი ლომთაძე, გია ლორია, მამია მალაზონია, ირაკლი მაისურაძე, გელა მანჯავიძე, ლევან მარგიანი, შალვა მატუაშვილი, გიორგი მირზაშვილი, მამუკა მიქელაძე, ნოდარ მალაზონია, ავთო მესხი, ნუგზარ მეძმარიაშვილი, გოგა მაღლაკელიძე, ქეთი მატაბელი, თამარ მელიქიშვილი, ნუგზარ ნათენაძე, გელა პატიაშვილი, კოკა რამიშვილი, გიორგი როინიშვილი გიორგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დავით სულაკაური, ზურა სეხნიაშვილი, კოტე სულაბერიძე, ოლეგ ტიმჩენკო, კახაბერ ტატიშვილი, ლევან ურუშაძე, კარლო ფაჩულია, რუსუდან ფეტვიაშვილი, ოლგა ფლორენსკაია, ალექსანდრე ფლორენსკი, ყარამან ქუთათელაძე, ლეილა შელია, მურთაზ შველიძე, მიშა შენგელია, ლორეტა შენგელია, ლია შველიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, ნანა ცინცაძე, მაია ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, თინათინ ცხადაძე, კოკა ცხვედიანი, გელა წულაძე, გოგი წერეთელი, ნანა ჭურღულია, ლევან ჭოღოშვილი, ლევან ჭიჭინაძე, ლევან ხარანაული, უშანგი ხუმარაშვილი, გია ხუციშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თემურ ჯავახიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, დეა ჯაბუა, თემო ჯაფარიძე, ჯიშკარიანი ნინო“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.  

კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება. „კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: • ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის; • ქალი პოეტი – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის; • ქალი მთარგმნელი – საუკეთესო თარგმანისთვის; • ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის. პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა, ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, ხუთი წევრის შემადგენლობით. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან 22 აგვისტოს 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, ან მობ: 599 877 816. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში. საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.  

კულტურის სამინისტრო: ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართული კულტურის წინაშე

ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართული კულტურის წინაშე, - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეს განცხადებით ეხმაურება. მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი - დღეს ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული კულტურის წინაშე. ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „რუსთავი“ და, ასევე, 1976 წელს ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“, რომელსაც 2000 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა; მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებული 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა, რესტავრაცია. მან, 1992 წელს, ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წლების ინგლისური კომპანიების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას. აქვე აღმოაჩინა ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობითაც (ნოდარ ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. ანზორ ერქომაიშვილმა აღადგინა, გამოსცა, მომავალ თაობებს გააცნო და შემოუნახა ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება. ანზორ ერქომაიშვილი ასევე გახლდათ: საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმის რედაქციის რედაქტორი, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, ტელეგადაცემათა ციკლის ,,100 ქართული ხალხური სიმღერა" წამყვანი. ანზორ ერქომაიშვილმა არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. იგი ავტორია წიგნებისა: „ბაბუა" (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), „შავი შაშვი ჩიოდა" (1989), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ" (1979). მან მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი. 2001 წელს მისი ინიციატივითა და „იუნესკოს“ ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ასევე, 2006 წელს მომზადდა და გამოიცა XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001) ერთი ნაწილი (1901–1914), რომელშიც შედის ქართული ხალხური სიმღერებისა და საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები. ქართველი ლოტბარის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომს წარმოადგენს კატალოგი, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. ეს გახლავთ პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული არქივებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ორენოვანი კატალოგი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში მოძიებული სიმღერების დაზუსტებულ ნუსხას აერთიანებს. ეს არის საგანძური, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მომდევნო თაობებს დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, იაკობ გოგებაშვილის სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიები. ასევე, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლის, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ხსოვნას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.  

კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა, - ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას „სინამდვილეში, მოცემული ძეგლი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა. შესაბამისად, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოებისთვის კი განვმარტავთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას და ახორციელებს მონიტორინგს. ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება. გვსურს, მოვუწოდოთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ბორჯომის ხეობაში სახელმწიფო უწყებები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით მიყენებული ზიანი და თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სტრატეგიული ობიექტების დაზიანება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა  

საქართველოდან გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, 90-იან წლებში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის დროებით გადაცემული ორი ფერწერული ტილო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დღეს დაუბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კერძოდ, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში სპეციალურად ამ მიზნით იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს თანამშრომელი სალომე ბერიკაშვილი, რომელმაც საქართველოს საელჩოსგან ოფიციალურად გადმოიბარა და დღეს, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა 1999 წელს საელჩოსთვის გადაცემული ორი ფერწერული ტილო, ესენია: გივი თოიძე – „ძველი თბილისი“ და კოტე ჭანკვეტაძე – „ნატურმორტი“. „აღსანიშნავია, რომ მოცემული ექსპონატების დაბრუნების პროცედურა, 2021 წლამდე, საკუთრივ მუზეუმს არ წამოუწყია. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში, თეა წულუკიანის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) უცხოეთში ან სხვადასხვა უწყებაში გატანილი ექსპონატების შეგროვება და მათი მუზეუმებში დაბრუნება დაიწყო. შედეგად, 2021 წლის მაისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროს შენობაში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“). ასევე, 2021 წლის სექტემბერში, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2010 წელს გატანილი ოთხი ფერწერული ტილო: ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“. 2021 წლის ნოემბერში კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაბრუნდა 2003 წელს რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოდან დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები. ეს ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა შემდეგი ნამუშევრები: ბორის ფოგელი – „თელავი“ (1936 წელი); ევგენი ლანსერე – „ხევსურეთი“ (1926 წელი); ბორის ფოგელი – „სასულიერო სემინარია“ (1934 წელი); გრიგორი გაგარინი – „ქართველი ქალები“ (1854 წელი); ლევ ლაგორიო – „ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წელი), კარლ ჟუკოვსკი – „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წელი). ასევე, 2022 წლის 19 აპრილს, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, ირანში საქართველოს საელჩოდან იქნა ექსპონატების ნაწილი დაბრუნებული. კერძოდ, 1995 წელს დროებით საექსპოზიციოდ გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან ოთხი ექსპონატი დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ გალერეას: დიმიტრი ხახუტაშვილი – „იმერეთი“; შოთა ლეჟავა – „გრემი“; ზაურ დეისაძე – „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი – „შოთა რუსთაველი“. სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.  

კულტურის სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ ძველი აკლდამები აღმოაჩინეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს.   მათივე ცნობით, აღმოჩენილია ხუთი ნეშტი. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის.   "პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ.   სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყონებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები. აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და ბატონ ვან ბაიბურთს, რადგან ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და რომ, საბჭოთა პერიოდში, ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო იქნა გაუქმებული.   არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცრებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის.   სამინისტროს, საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეთანხმების საფუძველზე, დღეს ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს", - აღნიშნილია ინფორმაციაში.

გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს. შესაბამის ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ. „ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომლის აღმოფხვრაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩემი მინისტრობისას ძალიან აქტიურად დაიწყო. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდენ, რომ გელათის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებით დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში. „ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ის ლოჯისტიკური საშუალებები, რაც იქნება მათთვის საჭირო ამ პროცესის განსახორციელებლად, მაგალითისთვის, ის მაღალი სტანდარტის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაახლოებით 900 ათასი ლარის ღირებულების ხარაჩოები, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ, ასევე უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა ჩვენ მიერ საქართველოს საპატრიარქოს და, რასაკვირველია, ისინი სწორედ ამის წყალობით შეძლებენ, რომ იქ კონსერვაციის სამუშაო წარიმართოს სრულფასოვნად. ასევე, შევთანხმდით, რომ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს მონაწილეობის საშუალება და იმედი მაქვს, პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. გასაგებია, რომ საქართველოს საპატრიარქოში ვერავინ ვერ შეიტანს პოლიტიკურ ელემენტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. ასე განაწილდა პასუხისმგებლობები. მინდა, ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში დიდი წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, „უსაფუძვლო აჟიოტაჟი“ უწოდა

საქართველოს კულტურის სამინისტრო უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრში) ირგვლივ შექმნილ სურათს. სამინისტრომ ვრცელი განცხადება Facebook გვერდზე განათავსა. წულუკიანის უწყების განცხადებით, „აჟიოტაჟმა კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს“. განცხადების თანახმად, 2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. „არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში", - წერია განცხადებაში. სამინისტრო აცხადებს, რომ კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას ზუსტად ისევე გამართავს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში, როდესაც, უწყების შეფასებით, არაერთი თვის განმავლობაში, დარგის სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ არაერთი საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად. „საქდოკ ფილმი" კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს ირაკლი კობახიძე: აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? „კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას", - წერია განცხადებაში. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, „პოსტ ტვ-ს“ წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.

კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ

კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ. პროტესტიწ მონაწილეები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ. პიანისტის, გიორგი გიგაშვილის თქმით, მისთვის მოსალოდნელი იყო, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კონსერვატორიის საქმიანობაშიც ჩაერეოდა, ისე, როგორც ბოლო პერიოდში მინისტრი კულტურის სხვა სფეროებს მოექცა. „კონსერვატორია უკვე 100 წელიწადზე მეტია ერთად დგას და ერთიანობით ვიბრძვით, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. დღეიდან უკვე წარიმართება ის პროცესები, რითაც ჩვენ ყველა შევძლებთ ამ დამოუკიდებელი, თავისუფალი სასწავლებლის დაცვას. დიახ, ეს არის რეპრესიები და ამას ყველა ველოდებოდით, განსაკუთრებით მე. ის, რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდით, რომ ეს კონსერვატორიაშიც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ,” - განაცხადა მუსიკოსმა, გიორგი გიგაშვილმა მედიასთან. 20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”. მისივე შეფასებით, „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს,” - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება არჩევნების პროცედურის შეწყვეტას, სამინისტრო კულტურის აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.  

კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზას“ გადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზას“ გადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“. ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა. უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი. ასევე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის მარტში. კინოხელოვანთა ერთი ჯგუფი, მათ შორის - რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მას დღემდე აკრიტიკებს ეროვნული კინოცენტრის რეფორმის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობასა და სამართლიანი კონკურსების მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად. ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად, 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი, კინოცენტრის ხელმძღვანელის - გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით, კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი,“ - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღეს, ფილმის კინოთეატრ „ამირანში“ ჩვენებას, დამსწრეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი ფილმში მოყვანილ „მცდარ ფაქტებზე“ მიუთითებენ. „ჩვენ ფილმში ვთქვით ჩვენი სათქმელი, ის რასაც ადამიანები იქ ადამიანურ დონეზე ვხედავდით, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ჩვენს ფილმებში, ჩვენს წიგნებში გამოვხატოთ? ის აგრესია, რაც გუშინ მათ გამოავლინეს იქ, იყო სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ, რომ 90-იანი წლების დაბრუნება საქართველოში შეუძლებელია," - აცხადებს თავის მხრივ, ფილმის სცენარისტი, ლიკა ტოკლიკიშვილი.  

კულტურის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ ნიკოლოზ აზნაურაშვილი და კობა ხუბუნაია. სამინისტროს ცნობით, ნიკოლოზ აზნაურაშვილი მინისტრის მოადგილის რანგში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს. "2012-2015 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი იყო; 2015-2016 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ხოლო 2016-2018 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2018-2019 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, 2018-2019 წლებში კი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. 2021 წლიდან, ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2022 წლის იანვარში ის სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა. მინისტრის მოადგილის რანგში, ნიკოლოზ აზნაურაშვილის საკურატორო სფეროებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გარდა, იქნება მუზეუმები და ზოგიერთი სახელოვნებო დაწესებულება”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. რაც შეეხება კულტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, კობა ხუბუნაია 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას. „მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება. კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია. 2001-2004 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში იყო საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი. 2004-2007 წლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იყო საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი. 2007-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც იყო საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მოგვიანებით კი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი. 2014-2017 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. 2017-2019 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსი. 2019-2021 წლებში მუშაობდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც იყო სააგენტოს უფროსის მოადგილე. მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფეროში, სხვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.